Loading data...
Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომში ჩაერთონ. ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებიდან შეიტყო.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ანკარამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

თურქეთის გაძლიერებული დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი  საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და კატარს ეწვია და რეგიონის სხვა კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სპარსეთის ყურის ძლიერი სახელმწიფოები - კერძოდ, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები - მათ პორტებზე, ენერგეტიკულ ობიექტებსა და აეროპორტებზე ირანის დარტყმების გამო მოთმინებას კარგავენ.

თუმცა, წყაროების თქმით, ისინი ომში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ირანი თავის მუქარას შეასრულებს და სპარსეთის ყურის ქვეყნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას თავს დაესხმება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 24 მარტს მხარეებს მოუწოდა, არ დაუშვან, მიმდინარე კონფლიქტი „რეგიონის ქვეყნებს შორის დამქანცველ ომში“ გადაიზარდოს.

„საპასუხო ქმედებები, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ, ასეთ რისკს შეიცავს“, - დასძინა მან.