Loading data...
Bloomberg: ტრამპმა გასაგებად მიანიშნა, რომ დათმობებს მოითხოვს როგორც კიევისგან ისე მოსკოვისგან

აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესმის, რომ უკრაინას დათმობებზე წასვლას ვერ აიძულებს, თუ სამაგიეროდ, გარკვეულ დათმობებზე არ წავა მოსკოვიც. ამის შესახებ Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სწრაფი შეწყვეტის დაპირება გასცა, თუმცა კიევის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით ორაზროვანი განცხადებები გააკეთა. ამიტომ, ახლა ევროპელი ლიდერები აქტიურად განიხილავენ, როგორ იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უარს იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე.

თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროპელ ლიდერებთან პირველ სატელეფონო საუბრებში იკვეთება, რომ ტრამპი უკრაინის ალალ ბედზე დატოვებას არ აპირებს.

Bloomberg მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ ასეთ საუბარში, ტრამპმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

„ის აცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინა უბრალოდ აიძულოს პუტინთან დათმობებზე წავიდეს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მიიღოს“, - წერია სტატიაში.

ხოლო რაც შეეხება ევროკავშირს, მისი ხელმძღვანელობა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება შეერთებულ შტატებს.