Loading data...
Bloomberg: ტრამპი ფიცოს 17 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 17 იანვარს, ფლორიდაში,  მარ-ა-ლაგოს სასახლეში შეხვდება, - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ფიცოს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ფიცოსა და ტრამპს შორის შეხვედრის მიზანია შეერთებულ შტატებსა და სლოვაკეთს შორის კავშირების განმტკიცება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის ლიდერთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გეგმების განხილვას გეგმავს. ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან 15 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტი, შესაძლოა, მომავალ წელს გაფორმდეს.

როგორც მედია წერს, სლოვაკეთის დელეგაცია ვაშინგტონში, აშშ-ის მთავრობასთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს, რაც ამერიკულ მხარეს პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.