Bloomberg: ტრამპი მშვიდობის საბჭოს ქმნის - მუდმივი წევრობისთვის ქვეყნისგან მილიარდ დოლარს ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მის ახალ მშვიდობის საბჭოში მუდმივი ადგილის დაკავების მსურველ ქვეყნებს მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება, რომელიც ორგანიზაციის წესდების პროექტზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნა ღაზას სექტორისთვის ზედამხედველობის გაწევის მიზნით იგეგმება
ოინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის თანახმად, ტრამპი გახდება საბჭოს პირველი თავმჯდომარე და პირადად განსაზღვრავს, თუ ვის მოიწვევენ წევრად. გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ექნება ერთი ხმა, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას დასჭირდება თავმჯდომარის დამტკიცება.
„თითოეული წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს, საბჭოს წევრი იყოს წესდების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს სამი წლისა, რომლის განახლება შესაძლებელია თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. სამწლიანი ვადა არ ვრცელდება იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში მშვიდობის საბჭოსთვის 1 000 000 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ფულად შენატანებს განახორციელებენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„სამშვიდობო საბჭოს“ წესდებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილურობის ხელშეწყობას, ჯანსაღი და ლეგიტიმური მმართველობის აღდგენას და კონფლიქტით დაზარალებულ ან საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონებში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას“. ორგანიზაცია ოფიციალურად გამოცხადდება მას შემდეგ, რაც მის წესდებას მინიმუმ სამი სახელმწიფო დაეთანხმება.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპი ცდილობს შექმნას გაეროს ალტერნატივა ან კონკურენტი, რომელსაც ის არაერთხელ აკრიტიკებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპმა უკვე მიიწვია მსოფლიო ლიდერები, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მიელა და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ღაზას სამშვიდობო საბჭოსთან შესაერთებლად, რომელიც უფრო ფართო ინიციატივის - საყოველთაო სამშვიდობო საბჭოს - ფარგლებში უნდა შეიქმნას. გამოცემის ინფორმირებული წყაროების ცნობით, სამშვიდობო საბჭოში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ევროპული ქვეყანაც მიიწვიეს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ქვეყნები საბჭოს წევრობას უფასოდ შეძლებენ, თუმცა 1 მილიარდი დოლარის შენატანი მუდმივ წევრობას უზრუნველყოფს.
მისი თქმით, შეგროვებული თანხები პირდაპირ მოხმარდება მშვიდობის საბჭოს მანდატის შესრულებას, მათ შორის ღაზას რეკონსტრუქციას.
მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭო უზრუნველყოფს, რომ თითქმის ყველა დოლარი დანიშნულებისამებრ იქნეს გამოყენებული. წესდების პროექტი ითვალისწინებს, რომ ტრამპს ექნება უფლებამოსილება, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საბჭოს ნებისმიერი წევრი.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და მილიარდერი ინვესტორები რობერტ გაბრიელი და მარკ როუენი.