Bloomberg: სანქციების ამოქმედებამდე ევროპაში „ლუკოილის“ აქტივებისთვის ნამდვილი ბრძოლა დაიწყო
Bloomberg-ი წერს, რომ სანქციების ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ჩქარობენ გამოსავლის პოვნას, რათა რუსულმა ენერგოგიგანტმა „ლუკოილმა“ თავისი ოპერაციების წარმოება შეუფერხებლად შეძლოს.
რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობის კორპორაციას სანქციები აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესეს და კომპანიასთან მიმდინარე შეთანხმებების დასრულების ვადად 21 ნოემბერი დააწესეს. პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობად მისი აქტივების Gunvor Group-ის მიერ შესყიდვა განიხილებოდა, მაგრამ ეს პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც აშშ-ის სახაზინომ Gunvor-ს კრემლის მიერ მართული „მარიონეტი“ უწოდა.
„ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს „ლუკოილის“ უცხოური აქტივებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახაზინომ მათი სრული შესყიდვის შესახებ Gunvor-ის შეთავაზება უარყო. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის გლობალურ ბაზარს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული „ბალიში“ მიწოდების პოტენციური შეფერხებების ასატანად, ნავთობგადამამუშავებელ სექტორში სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია“, - აღნიშნავს საკონსულტაციო ფირმა Energy Aspects Ltd.-ის გეოპოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიჩარდ ბრონზი.
„Bloomberg“-ი წერს, რომ იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც „ლუკოილი“ ოპერირებს, ყველაფერს აკეთებენ აშშ-სგან სანქციების შემსუბუქების უზრუნველსაყოფად და საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ქვეყანა აშშ-სგან დროებით ლიცენზიას ითხოვს, რაც მათ „ლუკოილის“ აქტივებს 21 ნოემბრის შემდეგ ოპერირების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შემდეგ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი „ბურგასის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. ქარხანა დიდი ხანია იყიდება, მაგრამ მყიდველები ჯერ არ გამოჩენილან.
მეზობელ რუმინეთში ვადის გახანგრძლივების მოთხოვნის შესაძლებლობას განიხილავენ, მაგრამ ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ გაუკეთებიათ. მოლდოვის მთავრობა გეგმავს „ლუკოილისგან“ საწვავის ტერმინალის შეძენას კიშინიოვის აეროპორტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა დორინ იუნგეტუმ ასევე დაადასტურა, რომ ქვეყანამ აშშ-სგან სანქციებისგან გათავისუფლება 21 ნოემბრის შემდეგ მოითხოვა.
ტრამპის ადმინისტრაციამ ადრე მსგავსი შეღავათები გასცა სანქციების ქვეშ მყოფი სხვა რუსული კომპანიებისთვის. თუმცა, თუ ასე ახლაც არ მოხდება, ამან შეიძლება გლობალურ ნავთობისა და საწვავის ბაზრებზე ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს.