Bloomberg: პაკისტანის შეიარაღებული ძალების გავლენიანი მთავარსარდალი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად ტრამპთან სატელეფონო მოლაპარაკებებს მართავს
პაკისტანი ცდილობს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, პაკისტანის შეიარაღებული ძალების გავლენიანი მთავარსარდალი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი კონფლიქტის დარეგულირების გზების მოსაძებნად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო მოლაპარაკებებს მართავს.
წყაროებმა აღნიშნეს, რომ მუნირი ტრამპს 23 მარტს ესაუბრა.
ერთ-ერთმა წყარომ ასევე განაცხადა, რომ პაკისტანი მხარეებს პოტენციური მოლაპარაკებების ადგილად თავის დედაქალაქ ისლამაბადს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
პაკისტანი იყენებს ტრამპთან დამყარებულ მჭიდრო კავშირებს, ასევე, გრძელვადიან კავშირებს მეზობელ ირანთან და სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთი.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი 23 მარტს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს ესაუბრა, თეირანს სოლიდარობა გამოუცხადა და კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ფაქტობრივად დაკეტილია. პაკისტანი თითქმის მთელ ნედლ ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და თხევად ბუნებრივ აირს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იღებს.