Loading data...
Bloomberg: ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმის შედეგად Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი დაიღუპა

ნიუ-იორკში ორი დანით შეიარაღებული ქალი თაიმს-სქვერზე გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი ერინ პიაჩენტი. წერს Bloomberg-ი.

პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ისტორია ჰქონდა. პოლიციამ მასთან მოლაპარაკება და ელექტროშოკის გამოყენება სცადა, თუმცა, ვინაიდან ქალი დანებით სამართალდამცველებისკენ დაიძრა, პოლიციამ ცეცხლი გახსნა და მისი ლიკვიდაცია მოახდინა.

Bloomberg-ი წერს, რომ LinkedIn-ის პროფილის თანახმად, ერინ პიაჩენტის ბანკში ბიზნესის შერჩევისა და კონფლიქტების მოგვარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

თავდასხმის მოტივები უცნობია. პოლიციის კომისრის განცხადებით, თავდამსხმელი წარსულში პასუხისმგებლობაში მიცემული არ ყოფილა.