Bloomberg: ჯორჯია მელონი ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილოს, ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგინოს ბლოკი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროკავშირს მოუწოდა, განიხილოს, თუ ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგინოს ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტასადმი გაგზავნილ წერილში დაწერა, იუწყება Bloomberg.
წერილში იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მომავალ კვირას დუბლინში დაგეგმილ არაფორმალურ სამიტზე უნდა განიხილონ. კოშტა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრებს თავმჯდომარეობს.
მელონის თქმით, არსებული მიდგომა, როდესაც ევროკავშირის ინტერესებს სხვადასხვა მომლაპარაკებელი სხვადასხვა ფორმატში წარმოადგენს, ევროკავშირის ავტორიტეტს აზიანებს.
„დარწმუნებული ვარ, ყველას გვესმის, რომ შთაბეჭდილების შექმნით, თითქოს ევროპა არაკოორდინირებულად მოქმედებს, ჩვენ უბრალოდ იმათ ვუწყობთ ხელს, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია, იმის გათვალისწინებით, რომ სასწორზე ადამიანის სიცოცხლე და ჩვენი უსაფრთხოების მომავალი დგას“, - ხაზგასმით აღნიშნა მელონიმ.
ამასთან, მან ბლოკს მოუწოდა, „ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, კონკრეტულად ვინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის სახელით და რა მანდატით“.
მელონი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს გადაწყვეტილების მისაღებად, როდესაც ბლოკის ლიდერები დეკემბერში შეიკრიბებიან.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ვრისკავთ, მოლაპარაკებების პროცესში ევროპის როლი ნულამდე დავიყვანოთ“, - დასძინა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.