Bloomberg: ინდოეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტრამპის მუქარის ფონზე ნავთობს აშშ-ისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან ყიდულობს

ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მილიონობით ბარელი ნავთობი შეიძინა შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, რუსული ნავთობის მყიდველებისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Indian Oil-მა აბუ-დაბიდან გაგზავნილი 2 მილიონი ბარელის გარდა, მინიმუმ 5 მილიონი ბარელი ამერიკული ნავთობი შეიძინა.
შესყიდვები როგორც მასშტაბური, ასევე კომპანიის ჩვეულებრივი სტანდარტებით შედარებით სასწრაფო იყო.
ინდოეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამ კვირის დასაწყისში არარუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის გეგმების შემუშავება დაევალათ.
ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ისინი რუსული ნავთობის შეძენით უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა რუსული ნავთობის მყიდველებისთვის მეორადი ტარიფების დაწესებით.
ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ პოსტში მან ინდოეთი გამოყო და თქვა, რომ ის მიმდინარე შესყიდვებისთვის დამატებით ეკონომიკურ ჯარიმას გადაიხდის.
ინდოეთი მსოფლიოში რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა, ნედლი ნავთობი ფასდაკლებით შეიძინა და შესყიდვები თითქმის ნულიდან იმპორტის დაახლოებით მესამედამდე გაზარდა.