Bloomberg: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ომის დასრულების მიზნით რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვის გეგმაზე უკრაინასთან ერთად მუშაობენ
უკრაინის მთავარი ევროპელი მოკავშირეების ჯგუფი კიევთან მუშაობს, რათა რუსეთი ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩაერთოს, რადგან საბრძოლო მოქმედებების დინამიკა იცვლება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გავლენა ძლიერდება. წერს გამოცემა „ბლუმბერგი“.
სააგენტოს წყაროების ცნობით, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ორივე მხარის მონაწილეობით მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ.
აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლისა და ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის ფონზე, სამივე ქვეყანა ხედავს შესაძლებლობას, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ დამატებით ზეწოლას ქმნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული დარტყმები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებით, მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ კიდევ ერთი ზამთარი, რომლის დროსაც რუსეთი, სავარაუდოდ, გააძლიერებს თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის და ევროპა მასზე ზეწოლას არ მოახდენს.
წყაროების ცნობით, მომდევნო დღეებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.