Bloomberg: ევროპა ტრამპს უკრაინის სამშვიდობო ძალების გეგმას რამდენიმე კვირაში წარუდგენს

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გეგმავენ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის შემდგომი „მხარდამჭერი ძალების“ ყოვლისმომცველი გეგმა წარუდგინონ, რათა იგი დაარწმუნონ, კიევის უსაფრთხოების გარანტიას შეუერთდეს. ამის შესახებ Bloomberg-მა შეიტყო.
გამოცემის წყაროების თანახმად, ე.წ. „მსურველთა კოალიციიდან“ სამხედრო ოფიციალური პირები აპირებენ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეათანხმონ დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ, უზრუნველყონ უკრაინის საჰაერო სივრცის, სანაპირო ზოლისა და ხმელეთის უსაფრთხოება, ასევე, მისი შეიარაღებული ძალების აღდგენა.
წყაროების თქმით, პარიზი და ლონდონი იმედოვნებენ, რომ „გარანტიის ძალების“ საბოლოო გეგმა აშშ-ის პრეზიდენტს დაარწმუნებს, უზრუნველყოს მათ „მხარდაჭერა“ საჰაერო ძალების, მესაზღვრეებისა და დაზვერვის სახით.
Bloomberg-ის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ 30 წევრს წერილობით სთხოვეს, „შემაკავებელ ძალაში“ თავიანთი პოტენციური წვლილი დაესახელებინათ. მათგან 10-ზე ნაკლებმა ცალსახად აიღო ვალდებულება უკრაინაში თავისი ჯარების განლაგების შესახებ, ხოლო მხოლოდ 15-მა აიღო ვალდებულება უკრაინაში თავისი აღჭურვილობის განთავსებაზე.
გამოცემის წყაროების თქმით, გენერალური შტაბის უფროსებს, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს სურთ, ყველა წერილობითი პასუხი აპრილში გააანალიზონ, რათა ტრამპისთვის გეგმა ჩამოაყალიბონ.
გავრცელებული ინფორმაციით, „მსურველთა კოალიცია“, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, მომავალი „ცეცხლის შეწყვეტის“ უზრუნველსაყოფად უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის გეგმაზე მუშაობს.
„მსურველთა კოალიციას“ ოთხი ძირითადი მიზანი აქვს, რომლებიც უკრაინის მომავალი უსაფრთხოების ძალების წინაშე იქნება. ესენია: უსაფრთხო ცა, უსაფრთხო ზღვა, მშვიდობა დედამიწაზე და ძლიერი უკრაინული არმია.