Bloomberg: ევროკავშირის ლიდერები ტრამპის გარეშე უკრაინის მხარდაჭერის გზებს განიხილავენ
„ევროკავშირის ლიდერებმა ბუდაპეშტში შეხვედრისას უკრაინის სამხედრო თავდაცვის გაგრძელების შესაძლებლობა განიხილეს, იმ შემთხვევაში თუკი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გადაწყვეტს შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა,“ - იტყობინება „ბლუმბერგი“ ბუდაპეშტში დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
უფრო კონკრეტულად კი, ევროპელებმა განიხილეს, იქნება თუ არა ევროკავშირი მზად, უზრუნველყოს კიევის სამხედრო მხარდაჭერისთვის საჭირო დაფინანსება.
„ყველაზე დიდ შეშფოთებას გამოიწვევს ის საკითხი, თუკი დონალდ ტრამპი შეეცდება ფინანსური ტვირთი ევროპაზე გადაიტანოს“, - აცხადებს წყარო.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ იარაღის მიწოდებაზე.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინას საჭირო რაოდენობის იარაღი სჭირდება და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში.