Loading data...
Bloomberg: ევროკავშირი უკმაყოფილოა ფონ დერ ლაიენის გადაჭარბებული ძალაუფლებით

ევროკავშირი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ უახლოესი გუნდის წევრებს ანდობს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

წყაროების თქმით, რომლებიც იცნობენ ფონ დერ ლაიენის მუშაობის სტილს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ფანტავს მისი აპარატის რესურსს და ნაკლები ყურადღება ეთმობა ძირითად ეკონომიკურ ამოცანებს. ამის შედეგად კი, შენელებულია ფონ დერ ლაიენის ფართო კამპანია, რომელიც ევროკავშირის აღორძინებას უკავშირდება.

კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ფონ დერ ლაიენმა მცირე პროგრესს მიაღწია კომისიის იმ ამოცანის შესრულებაში, რაც გულისხმობს ერთიანი ბაზრის გაძლიერებას და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რათა უზრუნველყოფილ იყოს ევროკავშირის განვითარება სულ უფრო მეტად მტრულ გარემოში.

როგორც მედია წერს, წლების განმავლობაში არსებული დაძაბულობა ახლა კონტროლიდან გამოდის. გასულ თვეში, ბერლინში გამართულ დახურულ შეხვედრებზე, ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოფილი კოლეგები კონსერვატიული ქრისტიან – დემოკრატიული კავშირიდან, მოითხოვდნენ ევროკომისიის უფლებამოსილებების შეზღუდვას, ხოლო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დელეგაციებში განაცხადეს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკმარისად სწრაფად არ მოქმედებს.

იმედგაცრუება სუფევს ევროკომისიაშიც, სადაც კომისრები თავს გარიყულად გრძნობენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ფონ დერ ლაიენის აპარატის მუშაობის შესახებ ინფორმირებული ადამიანები პირდაპირ კავშირს ხედავენ პრეზიდენტის მართვის სტილსა და იმ ხარვეზებს შორის, რომლებიც უკმაყოფილებას იწვევს.

ისინი ევროკომისიის პრეზიდენტს აღწერენ როგორც ადამიანს, რომელიც შეპყრობილია სურვილით, აჩვენოს, რომ მთავარი ფიგურაა.

„ცენტრალიზებული მმართველობის სტრუქტურა და დელეგირების სურვილის არქონა ქმნის ბარიერებს, რომლებიც აჭიანურებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. უკმაყოფილებას ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი მუდმივად ერევა საქმეში კრიზისების დროს, მაშინაც კი, როდესაც ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირდეს ძირითად მისიის შესრულებაზე“, - წერს მედია. 

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2024 წელს ის ხელახლა აირჩიეს.