Bloomberg: ევროკავშირი ინდური და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების მიღებას განიხილავს

ევროკავშირი ინდოეთისა და ჩინეთის იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობას ხელს უწყობენ, - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
„ბლუმბერგის“ წყაროების ცნობით, ევროკავშირში ჩინეთისა და ინდოეთის კომპანიების წინააღმდეგ პოტენციური ზომები განიხილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში, რომელსაც ევროკომისია ამზადებს.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი კომპანიები შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს, თუმცა დისკუსიები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, ზომები მიეღოთ პეკინისა და ნიუ დელის წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
როგორც მედია წერს, აშშ-ის მიერ შემოთავაზებული წინადადება, რომელიც G7-ის ქვეყნებს გასულ კვირას წარედგინა, ჩინეთსა და ინდოეთზე 100%-მდე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
Bloomberg-ის ცნობით, G7-ის წარმომადგენლები უფრო დეტალურ ზომებზე მომდევნო კვირებში იმუშავებენ.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, თუ რუსული ნავთობის წინააღმდეგ ზომები იქნება მიღებული, ევროკავშირს მოუწევს მისი ზოგიერთი წევრის, კერძოდ, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის დაძლევა, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს ნავთობის მომარაგების ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ხარჯებთან დაკავშირებით.
საკითხთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა განიხილოს სხვადასხვა ზომები ასეთი შეშფოთების მოსაგვარებლად მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებისთვის გამონაკლისი გაუქმდება.
ამავდროულად, უნგრეთის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით სააგენტოს განუცხადა, რომ ბუდაპეშტი იმედოვნებს, რომ ტრამპის მუქარა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შესახებ არ შესრულდება.