2 აპრილი 20:56
უცხოეთი
Bloomberg: ევროკავშირი ამზადებს საგანგებო ზომების პაკეტს, რათა ეკონომიკა ტრამპის მომავალი​ ტარიფებისგან დაიცვას

ევროკავშირი ამზადებს საგანგებო ზომების პაკეტს ეკონომიკის იმ სექტორების მხარდასაჭერად, რომლებიც აშშ-ის მომავალი ტარიფებით შეიძლება ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამის შესახებ Bloomberg-მა შეიტყო.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ევროკომისია მუშაობს მოკლევადიან წინადადებებზე ეკონომიკის იმ დარგების მხარდასაჭერად, რომლებზეც ტარიფები გავლენას იქონიებს.

ამას მოჰყვება რეფორმები და კონკურენტუნარიანობის გაზრდა საკვანძო სექტორებში, ასევე, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესება, წერს გამოცემა.

პარალელურად, ევროკავშირი ამზადებს მოლაპარაკების პოზიციას აშშ-თან ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ასევე უზრუნველყოფს ორმხრივი კომპრომისის შესაძლებლობებს - მაგალითად, ინვესტიციების სფეროში, ან რეგულაციების შემსუბუქებაში.

როგორც Bloomberg წერს, ევროკავშირში არ გეგმავენ აშშ-ის ტარიფებზე დაუყოვნებლივი პასუხის გამოცხადებას, რადგან მათი გავლენის შესაფასებლად დრო იქნება საჭირო.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, ახალი ტარიფების შემოღების შესახებ განაცხადოს, რომელიც მსოფლიოში აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებს შეეხებათ. ტრამპის თქმით, ტარიფები ყველა ქვეყანას შეეხება.