Loading data...
Bloomberg: ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე, იტალია ბირთვული ენერგიის დაბრუნებას განიხილავს

ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, იტალია ბირთვულ ენერგიაზე დაბრუნებას განიხილავს ბოლო ბირთვული რეაქტორის დახურვიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დიდი ხანია ბირთვულ ენერგიას ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გზად მიიჩნევს. მთავრობა უკვე ამზადებს გეგმას ბირთვული ენერგიის წარმოების აღსადგენად.

სააგენტოს წყაროების ცნობით, მელონის გუნდი ექსპერტებთან კონსულტაციებს აწარმოებს და ბირთვული ენერგიის წარმოების განახლების გზებს განიხილავს.

გამოცემის წყაროების ცნობით, იტალიელი მაღალჩინოსნები კანადაშიც იმყოფებოდნენ ტექნოლოგიური განვითარების შესასწავლად და ფრანგ წარმომადგენლებთან მათი ბირთვული ინდუსტრიის შესახებ ისაუბრეს.

მათი თქმით, იტალიის მთავრობამ, ასევე, განიხილა ვარიანტები შიდა მოლაპარაკებების ფარგლებში სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან.

თუმცა, მელონის მთავრობა აცნობიერებს, რომ ეს ადვილი არ იქნება. ზოგიერთი ჩინოვნიკის თქმით, ქვეყნის დარწმუნება, რომელმაც ორჯერ დიდი უპირატესობით მისცა ხმა ბირთვული ენერგიის აკრძალვას, ოსტატური პოლიტიკური მანევრირება და დროის შერჩევა იქნება საჭირო.

იტალია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე, რაც მას საერთაშორისო ფასების რყევების მიმართ უფრო დაუცველს ხდის, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანას.

წყაროების თქმით, ირანში მიმდინარე კონფლიქტი, რომელმაც ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, ამ საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.