Bloomberg: აშშ-მა და ირანმა მიანიშნეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად მზად არ არიან
შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მიანიშნეს, რომ ისინი მზად არ არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესკანდარ მომენი პაკისტანს ეწვია, რომელიც კატართან ერთად კონფლიქტში მთავარი შუამავალია, თუმცა არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მისი შეხვედრები პროდუქტიული იყო.
„მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - მხოლოდ შეტყობინებების გაცვლაა. ჩვენი ახალი გზავნილი ის არის, რომ მტერმა დაარღვია მემორანდუმი და ის უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ირანის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიზიტის შემდეგ.
ამასობაში კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების საპასუხოდ ირანის ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაიმუქრა. საპასუხოდ ირანის ნახევრად სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ აშშ ხიდებს, ან ელექტროსადგურებს დაარტყამს, „ირანი დაარტყამს რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურასა და ხიდებს, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებს, რომლებშიც აშშ-ს ინტერესები აქვს“.
ირანული მედიის ცნობით, აშშ-მა გასულ ღამეს ირანში საჰაერო დარტყმების მასშტაბები გააფართოვა, ხოლო ამერიკულმა ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ თავრიზთან ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტი დაბომბეს. სავარაუდოდ, ეს პირველი დარტყმაა ამ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ მხარეებს შორის ბრძოლა გამწვავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის მთავრობამ 22 ივლისის დილას დედაქალაქ თეირანში საჰაერო თავდაცვის სისტემები აამოქმედა და აშშ-მა ერაყის საზღვართან ახლოს, დასავლეთით მდებარე ქალაქებზე, აბდანანსა და ჩოვარზე, იერიში მიიტანა.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გააძლიერებს დაბომბვას იქამდე, სანამ ირანი არ დათანხმდება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და არ შეწყვეტს ნავთობის ტანკერებსა და სხვა გემებზე თავდასხმებს, რომლებიც სრუტეში გადაადგილდებიან.
ჯერჯერობით ირანი უკან არ იხევს. თეირანი დაჟინებით მოითხოვს სრუტეში გადაზიდვებზე კონტროლის შენარჩუნებას და ეს საკითხი სხვა სადავო საკითხებში, განსაკუთრებით ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, პროგრესს აფერხებს.