Loading data...
ბლინკენი: როგორც კი რუსეთი მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამს, ჩვენ აუცილებლად იქ ვიქნებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინისთვის გზავნილია, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია მისი მხრიდან მშვიდობიანი მოლაპარაკებების „გულწრფელი სურვილი“, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ბლინკენმა საუდის არაბეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტ ბერგე ბრენდესთან საუბრისას განაცხადა

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ომის დასრულება ახლა ძირითადად პუტინზე და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

ბლინკენის თქმით, ამ დრომდე პუტინს სჯეროდა, რომ დრო მის მხარეს იყო, ამიტომ აშშ-ის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკული იყო.

„ეს პრაქტიკული და ფსიქოლოგიური სტიმულია უკრაინელებისთვის, რომლებმაც მძიმე ცხრა თვე გადაიტანეს, ასევე, იმის აშკარა დემონსტრირებაა, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, იყოს ძლიერი გრძელვადიან პერსპექტივაში და სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით საკუთარ ფეხზე მყარად დადგეს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერს, თუ რუსეთი ამის სურვილს გამოთქვამს.

„როგორც კი რუსეთი აჩვენებს, რომ მას გულწრფელად სურს მოლაპარაკება, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით იქ და მჯერა, რომ უკრაინელებიც იქნებიან“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარიაში უკრაინის ომის საკითხზე სამშვიდობო სამიტი გაიმართება. 

რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.