Loading data...
ბლინკენი: ისრაელს მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა სურს, საჭირო არ არის, ყურადღება გავამახვილოთ ჰიპოთეზებზე, თუ რა მოხდება რაფაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, აშკარაა, რომ ისრაელი „დიდ კომპრომისებზე“ წასასვლელად მზად არის, რათა „ჰამასთან“ ზავსა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიოს. მისივე განცხადებით, ახლა პასუხისმგებლობა „ჰამასზეა“. 

კითხვას, შეიძლება თუ არა მძევლების გარიგების შანსი რაფაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებამ ჩაახშოს, ბლინკენი პასუხობს: „ხალხი რაღაცებს ამბობს.  მოდით, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი და რას ვაკეთებთ ჩვენ“.

„მნიშვნელოვანია, უახლოეს დღეებში დავინახოთ, რა არის „ჰამასის“ პასუხი ძალიან ძლიერ წინადადებაზე, რომელიც მაგიდაზეა. ყველა თანხმდება, რომ ეს კარგი გარიგებაა. ის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების სახლში დაბრუნებას გამოიწვევს, რაც ყველას სურს. სწორედ ამაზეა აქცენტი”.

კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ, თუ ისრაელი, „ჰამასთან“ შეთანხმების ნაცვლად, რაფაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს, ბლინკენმა თქვა, რომ არ სურს განიხილოს „ჰიპოთეზები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს“.

„ჩვენ ფოკუსირებულები ვართ იმაზე, რომ ეს გარიგება შედგეს. ვნახოთ, რას გააკეთებს „ჰამასი“, ეს მათზეა დამოკიდებული”.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს რაფას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად „მკაფიო და სანდო გეგმა“ ჯერ კიდევ არ უნახავს და ვიდრე ასეთი გეგმა არ იქნება, რაფაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას მხარს ვერ დაუჭერს.