ბლინკენი: აშშ უკრაინას მიაწვდის ყველაფერს, რაც სჭირდება რუსეთთან საბრძოლველად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის ყველაფერს, რაც მას სჭირდება „2025 წლამდე საბრძოლველად“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, G7-ის პარტნიორებმა დაასკვნეს, რომ უკრაინას აქვს ფული, საბრძოლო მასალა და მობილიზებული ძალები 2025 წელს ეფექტურად საბრძოლველად ან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მისივე თქმით, ეს ითქვა ძლიერების პოზიციიდან.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უსაფრთხოების დახმარების გაზრდას აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
მან, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება უკრაინასთან ომში „სერიოზული შეშფოთების“ საგანია.
„რეალობა ისაა, რომ უკრაინა ჩვენთვის იბრძვის, ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენთვისაც“, - აღნიშნა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც ამდენი ქვეყანაა ჩართული უკრაინის დაცვაში არის ის, რომ „რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ“.
„ეს არის აგრესია იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო სისტემას და აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - დასძინა ბლინკენმა.