Loading data...
ბლინკენი: აშშ ყურადღებით სწავლობს ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყურადღებით სწავლობს „გამარჯვების გეგმას“, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვედრის დროს წარუდგინა. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება

კითხვაზე, მიეცემა თუ არა კიევს უფლება, რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს, ბლინკენმა თქვა, რომ ადმინისტრაცია და უკრაინის პარტნიორები ამჟამად გეგმის დეტალებს სწავლობენ და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავენ „დამატებით ქმედებებს“, რათა უკრაინელებს გამარჯვების მიღწევაში დაეხმარონ. 

„ჩვენ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით განვიხილავთ, მათ შორის იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ან უკრაინის სხვა პარტნიორებმა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა მათ წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა „მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის წარმატების ერთგულია“. 

„ის ასევე მზადაა, დარწმუნდეს, რომ მათ აქვთ ის, რაც ეფექტური თავდაცვისთვის სჭირდებათ. მე ეს ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯით ჩვენ საჭიროებებს მოვერგეთ. დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ“, - დასძინა ბლინკენმა.