ბლეიზ მეტრეველი: პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს
ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტო MI6-ის ახალმა ხელმძღვანელმა ბლეიზ მეტრეველმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი განზრახ აჭიანურებს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებს, რაც ართულებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობას, წლის ბოლომდე მიაღწიოს შეთანხმებას. დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებას Bloomberg ციტირებს.
„ის მოლაპარაკებებს აჭიანურებს და ომის ხარჯებს საკუთარ მოსახლეობას აკისრებს. პუტინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. უკრაინის სახელით ჩვენს მიერ განხორციელებული ზეწოლა გაგრძელდება“, - განაცხადა მეტრეველმა.
MI6-ის ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამყარო „ახლა უფრო საშიში და წინააღმდეგობრივია, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში იყო“ და შედეგად, ევროპა „მშვიდობასა და ომს შორის სივრცეში“ აღმოჩნდა.
მეტრეველმა, ასევე, დაადასტურა, რომ ევროპის რამდენიმე ქალაქის თავზე უცნობი დრონების გამოჩენასთან დაკავშირებული ზოგიერთი ინციდენტის უკან რუსეთი დგას.