Loading data...
ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა, ასევე, განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან.

„მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, - განაცხადა მეტრეველმა.

ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელს რიჩარდ მურს შეცვლის, რომელიც თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს.

მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს. ამ ეტაპზე ის Q დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი განყოფილების ხელმძღვანელია. დეპარტამენტის მიზანია საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევის ახალი გზების შემუშავება.

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია.

„მისი გვარი ქართულია, რაც მის აღმოსავლეთ ევროპულ წარმომავლობას ასახავს. კოლეგები ამბობენ, რომ ის შესანიშნავად ფლობს არაბულ ენას და აქვს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის საომარ ზონებში, მუშაობის დიდი გამოცდილება“, - წერს Financial Times-ი.