Loading data...
ბინიამინ ნეთანიაჰუ: შეთანხმებით თუ მის გარეშე - ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება, ჩვენ ვიცით როგორ დავიცვათ ჩვენი პოზიცია

„ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრი განცხადებით, ვიდრე ის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებას ვერ შეძლებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

მთავრობის ყოველკვირეული სხდომის გახსნისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული მჭიდრო პარტნიორობისა, ისრაელი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებს უახლოეს მოკავშირეებთანაც კი მტკიცედ დაიცავს.

„დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ ტრამპს. ის თეთრ სახლში ჩვენი დიდი მეგობარია და დიდად ვაფასებ ისტორიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ირანის მცდელობების წინააღმდეგ. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, სანამ მე ვარ პრემიერ-მინისტრი, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ჭკუას გვარიგებენ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო და ვიცით, როგორ დავიცვათ საკუთარი პოზიცია ჩვენს საუკეთესო მეგობრებთანაც კი, როდესაც ეს აუცილებელია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ჰამასს კვლავ შესწევს თავდასხმის უნარი, თუმცა ისრაელის ძლიერი საპასუხო დარტყმის შიშით პროვოკაციებისგან თავს იკავებს. წინასაარჩევნო პერიოდის გააქტიურების ფონზე, ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ ისრაელი მტკიცედ მოქმედებს ლიბანშიც ტერორისტების წინააღმდეგ და ქვეყნის უსაფრთხოება ვაჭრობის საგანი არასდროს გახდება.