Bild: ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარი განაცხადა
ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების რთული რაუნდი გაიმართა, - ამის შესახებ BILD-ი წერს.
BILD-ის ცნობით, მხარეებმა ამერიკული „სამშვიდობო გეგმა“ განიხილეს, რომელსაც ევროპაში ადრე რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სურვილების სიას უწოდებდნენ.
გამოცემა წერს, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს მტკივნეული კომპრომისები, ნატოში წევრობაზე უარის თქმიდან დაწყებული ქვეყანაში არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარებით დამთავრებული, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ზელენსკი წასვლას არ აპირებს.
„ძირითადი დავა ტერიტორიულ საკითხს ეხება. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები აღიარებულია რუსეთის ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზები გაყინულია“, - წერს გამოცემა.
BILD-ის ცნობით, უკრაინა მზადაა ფრონტის დროებითი „გაყინვისთვის“ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე კონტროლის დაკარგვისთვის, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის მოთხოვნას.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, უკრაინა დონეცკის ოლქში დაახლოებით 5 600 კვადრატული კილომეტრიდან უნდა გავიდეს და ეს ტერიტორია „დემილიტარიზებულ ეკონომიკურ ზონად“ გადაიქცეს. მოსკოვმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ იდეას იმ პირობით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის ეროვნული გვარდია შევიდოდა და არა უკრაინის შეიარაღებული ძალები.
„ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს უკრაინის არმიის დანებებას უტოლდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა BILD-თან საუბარში.
საპასუხოდ, კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც ზელენსკიმ გააჟღერა.
„თუ უკრაინული ჯარები უკან იხევენ, ვთქვათ, ხუთიდან ათ კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსმა ჯარებმაც იმავე მანძილით ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ - განაცხადა ზელენსკიმ.