Bild: უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე
უკრაინაში ომის ირგვლივ დიპლომატიური აქტივობა მკვეთრად გაძლიერდა და სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლა უფრო აქტიურად მიმდინარეობს, - წერს Bild საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
15 დეკემბერს, ბერლინში დაგეგმილია მაღალი დონის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები. გერმანიის დედაქალაქში, ასევე, ჩაფრინდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე, The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პირადად ჩაფრინდებიან ბერლინში.
„ბერლინში ამას აღიქვამენ, როგორც სიგნალს იმისა, რომ თეთრი სახლი ზეწოლას ახდენს მხარეებზე და სურს სწრაფი შეთანხმების მიღწევა“, - წერს Bild.
ამავდროულად, გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები ახლა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე 2022 წლის თებერვლის შემდეგ:
„წყაროების ცნობით, ტრამპი ზელენსკისზე ძლიერ ზეწოლას ახდენს და დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით კორუფციული სკანდალის გამო უკრაინის პრეზიდენტის შიდაპოლიტიკური დასუსტების ფონზე“.
ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხად დონბასი რჩება. აშშ-ის წინადადების თანახმად, უკრაინელი ჯარები დონეცკის ოლქის ნაწილიდან უნდა გაიყვანონ. დროთა განმავლობაში ეს ტერიტორია შეიძლება „დემილიტარიზებულ ზონად“ იქცეს. ასევე, განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების, დანგრეული ქალაქების რეკონსტრუქციისა და გაყინული რუსული აქტივების ბედი.
ამავდროულად, როგორც BILD-მა შეიტყო, ევროკავშირსა და აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვთ საერთო პოზიცია ამ თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით: ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას სურს ამ თანხის პირდაპირ გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს ამერიკული აღდგენის ფონდის შექმნას.
წყაროების ცნობით, ახალი არაოფიციალური ვადა, რომლისთვისაც ტრამპს სურს მოლაპარაკებებში შედეგის ნახვა, შობაა.