Loading data...
Bild: ევროპელები ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ სულ მცირე ოთხი პუნქტის შეცვლას ითხოვენ

ევროპელი ლიდერების თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შემუშავებული „სამშვიდობო გეგმის“ სულ მცირე ოთხი პუნქტი უნდა შესწორდეს, იუწყება BILD-ი.

პირველ რიგში, ევროპელები არ ეთანხმებიან ტერიტორიების გაყოფის წინადადებას, კერძოდ, მთელი დონბასისა და ყირიმის რუსულად აღიარებას.

„სავარაუდოდ, ასევე განიხილება უკრაინელი სამხედროების შემცირების წინადადება, რომლებიც რიცხობრივად ისედაც უიმედოდ ჩამორჩებიან რუსეთის არმიას“, - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების მიმართ. ისინი ამტკიცებენ, რომ გარანტიებს, რომლებსაც რუსეთი უნდა უზრუნველყოფდეს, იმ ქაღალდის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ისინი დაწერილია. ბოლოს და ბოლოს, მსგავსი შეთანხმება 1994 წელსაც იქნა მიღწეული, როდესაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვული იარაღის დიდ არსენალზე, თუმცა რუსეთი შემდგომში მაინც შეიჭრა ქვეყანაში, წერს გამოცემა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შეცვლაც ევროპას სურს, ეხება გაყინულ რუსულ აქტივებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. გეგმის თანახმად, ტრამპს არა მხოლოდ 100 მილიარდი ევროს ამერიკული ინვესტიციის რუსეთში ჩადება სურს, საიდანაც აშშ 50 პროცენტს მიიღებს, არამედ ამ თანხებით აშშ-რუსეთის ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტის შექმნაც სურს.

Spiegel-ის ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპის სამშვიდობო გეგმის მნიშვნელოვნად გადამუშავებული ვერსია შეერთებულ შტატებს გაუგზავნეს.