ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები ორშაბათს გაგრძელდება
ორშაბათს, 15 დეკემბერს, ბერლინში გაგრძელდება მოლაპარაკებები უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიასა და უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციების მრჩევლის დმიტრი ლიტვინის კომენტარზე დაყრდნობით იუწყება.
„ხვალ, ორშაბათს, ბერლინში გაგრძელდება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობის მცდელობები. განსახილველი კონკრეტული წინადადებები ჯერ არ გახმაურებულა“, - წერს გერმანული მედია.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-მა ბერლინის მოლაპარაკებებში წარმატების პერსპექტივები წინასწარ აღიარა.
14 დეკემბერს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. Welt-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ორი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები დატოვა, თუმცა კანცლერის თანაშემწე გიუნტერ ზაუტერი მოდერატორად დარჩა.
რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ მოლაპარაკებებზე დონბასის საკითხი და უსაფრთხოების გარანტიები განიხილება, თუმცა დეტალები უცნობია.
ზელენსკის მრჩეველმა დმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინში მოლაპარაკებები დასრულდა. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდეს.
ცნობისთვის, უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობს თავად ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ამერიკულ მხარეს კი წარმოადგენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი.