ბერლინში ტექნოაღლუმი „სიყვარულის მსვლელობა“ გააუქმეს
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალტერნატიული მუსიკალური ღონისძიება გააუქმეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებრივი ატმოსფერო შეცვალა და აღლუმის ჩვეული ფორმატის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ორგანიზატორების თქმით, პრობლემები უკავშირდება არა მარტო უსაფრთხოების საკითხებს. არ იყო საკმარისი სატვირთო ავტომობილები მუსიკალური პლატფორმებისთვის და ქალაქის ხელისუფლებასთან ხმის დაშვებული დონის შესახებ მოლაპარაკება გაჭიანურდა. თუმცა გადამწყვეტი მაინც იყო რამდენიმე დღის წინ ლგბტ პრაიდზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ შექმნილი სიტუაცია.
აღლუმის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსვლელობას უსაფრთხოების მასშტაბური ზომები დასჭირდებოდა - ეს არის დამცავი ბარიერების აღმართვა, მონაწილეთა დეტალური შემოწმება და პოლიციის გაძლიერებული ძალების ჩართულობა. ეს კი ღონისძიების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. „სიყვარულის აღლუმი“ მისი დაარსების დღიდან იყო თავისუფლების, ტოლერანტობის და სოლიდარობის სივრცე, რომელშიც ადამიანებს საფრთხის განცდისა და ზედმეტი კონტროლის გარეშე შეეძლოთ მონაწილეობის მიღება.
„სიყვარულის აღლუმის“ ჩატარების გადახედვის მთავარი მიზეზი 25 ივლისს, საღამოს ლგბტ აღლუმის მონაწილეებზე მომხდარი თავდასხმა გახდა. გამოძიების ინფორმაციით, ავტომობილი ადამიანთა ჯგუფში შევარდა. დაიღუპა ერთი ქალი, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მძიმედ. მომხდარს ისლამისტური ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ეჭვმიტანილი მეორე დღეს, პოლიციის მიერ დაკავების ოპერაციის დროს მოკლეს.