ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში განგაშის გამო ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
„ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტის პირველი ტერმინალიდან ხალხის დაუყოვნებლივი ევაკუაცია განხორციელდა“, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
გერმანიის ფედერალური პოლიციის ცნობით, განგაშის მიზეზი გახდა მგზავრი ქალი, რომელმაც მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს განუცხადა, რომ სახიფათო ნივთიერება ჰქონდა
„ვინაიდან უცნობი ნივთიერებიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის გამორიცხვა ვერ მოხერხდა, გამოცხადდა განგაში და მიღებულ იქნა ტერმინალის დაუყოვნებლივ დაცლის გადაწყვეტილება“, - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა.
ინციდენტის გამო 20-ზე მეტი რეისი გადაიდო, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაცია ფრენების სრული გაუქმების თავიდან ასაცილებლად მუშაობს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს აეროპორტის შენობის გარეთ შეკრებილი ასობით მგზავრი და შესასვლელთან მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკა.