Loading data...
Berliner-zeitung: კრიტიკა მიუღებელია, ევროკომისიას პროევროპული მედია „მტრების სიაში“ შეჰყავს

კრიტიკა მიუღებელია, ევროკომისიას პროევროპული მედია „მტრების სიაში“ შეჰყავს, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Berliner-zeitung.

როგორც გამოცემა წერს, „ევროაქტივის“ მთავარი რედაქტორი მეთიუ კარნიტშნიგი ბრიუსელის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებებს აყენებს.

მისი თქმით, კრიტიკული რეპორტაჟების შემდეგ, „ევროაქტივი“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „მტრების სიაში“ მოხვდა.

„ევროაქტივის“ მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საფრთხის ქვეშაა.

„ევროპაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ახლა მტრების სიაშია“, - აღნიშნავს კარნიტშნიგი.

კარნიტშნიგის შეფასებით, ჟურნალისტიკის ეს ფორმა „გადაშენების პირას მყოფ სახეობად“ გადაიქცა, განსაკუთრებით ბრიუსელში, რადგან ტრადიციული ბიზნესმოდელები იშლება და პოლიტიკური ინსტიტუტები, ლობისტები და სახელმწიფო აქტორები სულ უფრო მეტად ახდენენ გავლენას მედიაზე.

მთავარი რედაქტორი აღწერს მედიაგარემოს, სადაც ბევრი ჟურნალისტი ფინანსურად ან სტრუქტურულად არის დამოკიდებული იმ ინსტიტუტებზე, რომლებზეც აშუქებენ ინფორმაციას. მისი შეფასებით, „ამ პირობებში დამოუკიდებელი ხმები არ ყალიბდება“.

„ევროაქტივმა“ ეს რეალობა საკუთარ თავზე გამოცადა. დაძაბულობა წლის დასაწყისში განსაკუთრებით კრიტიკულმა რეპორტაჟებმა გამოიწვია. მალევე, „ევროაქტივს“ არ მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიეღო მედიისთვის განკუთვნილ ბრიფინგებში, არაფორმალურ შეხვედრებში, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლები ცდილობენ მის სასარგებლოდ გავლენის მოხდენას“, - აცხადებს კარნიტშნიგი.

მისი თქმით, ამ ბრიფინგების გამოტოვება „დიდი დანაკლისი არ არის“, თუმცა ეს ინციდენტი ფუნდამენტური დამოკიდებულების გამოხატულებაა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც არ ამართლებენ ევროკავშირის მოლოდინებს.

მისივე განცხადებით, „ევროაქტივის“ ჟურნალისტები გახდნენ პირადი თავდასხმის ობიექტებიც, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენის წრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის.

როგორც მთავარი რედაქტორი აცხადებს, „ევროაქტივი“ კურსს არ შეცვლის.

„ჩვენ არ ვიტყვით უარს ჩვენს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაზე, რათა მოვიპოვოთ წვდომა ბრიფინგებზე ან მოვაწონოთ თავი. ჩვენი მიზანი არ არის ძალაუფლებასთან დაახლოება ან პრივილეგიები. ჩვენი დაპირება მკითხველებისთვის მარტივია – ჩვენ ვამბობთ ისე, როგორც არის“, - აცხადებს კარნიტშნიგი.

მისივე თქმით, ის არ ელოდება სიყვარულს ან კეთილგანწყობას ევროკომისიისგან, არამედ ელოდება თანასწორ მოპყრობას, ისე, როგორც სხვა მედიას ექცევიან.