ბერბოკი: ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით გერმანია კანონის შესაბამისად იმოქმედებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის საფუძველზე გერმანიის ტერიტორიაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შესაძლო დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან იტალიაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, იუწყება Deutsche Welle.
ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა იცავს კანონს, „რადგან არავინ დგას კანონზე მაღლა“.
„სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალაშია და მან ამ შემთხვევაში დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ამ ნაბიჯის გადასადგმელად“, - თქვა მან.
შეხვედრის დროს G7-ის მინისტრები განიხილავენ ნეთანიაჰუს შესახებ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებს და ცდილობენ, შეიმუშაონ საერთო პოზიცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებასთან დაკავშირებით, თუ ის საზღვარგარეთ გაემგზავრება.
იტალია, როგორც შეხვედრის ორგანიზატორი, ამზადებს ფორმულირებას, რომელსაც G7-ის ყველა წევრი ქვეყანა დაუჭერს მხარს.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 21 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.
ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილებას ანტისემიტური უწოდა, ხოლო სასამართლოს ბრალდებებს „აბსურდული და ყალბი“.
ისრაელის უახლოესმა მოკავშირეებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ასევე დაგმეს დაკავების ორდერი. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას „პრინციპულად უარყოფს“.