ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის არის ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გენოციდად აღიარა XX საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა

ბენიამინ ნეთანიაჰუ გახდა ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა, გენოციდად აღიარა. ამის შესახებ მან ამერიკელი ბიზნესმენისა და პოდკასტერის, პატრიკ ბეთ-დევიდთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ უწოდებია ამ დრომდე ისრაელის მთავრობის არცერთ ხელმძღვანელს გენოციდი სომეხთა წინააღმდეგ ოსმალეთის მიერ ჩადენილი მკვლელობებისთვის, ნეთანიაჰუმ უპასუხა:
„დიახ, მე ახლა სწორედ ეს გავაკეთე. წერტილი“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვები თურქეთმა დაგმო.
„ნეთანიაჰუ, რომელსაც ბრალად ედება პალესტინელი ხალხის გენოციდში მონაწილეობა, ცდილობს, დამალოს ის დანაშაულები, რომლებიც მან და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინეს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელი თავს იკავებდა 1915-16 წლების მოვლენების გენოციდად აღიარებისგან. ქნესეთში ამ საკითხზე სხვადასხვა ინიციატივა იყო წამოყენებული, თუმცა არცერთი მათგანი არ დასრულებულა ოფიციალური კენჭისყრით. ისრაელის თავშეკავების მიზეზად თურქეთთან ფრთხილი ურთიერთობები ითვლებოდა.