Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მტკიცება, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ერთადერთი მეგობარია და განაცხადა, რომ „ბევრი“ ქვეყანა ისრაელთან უფრო მჭიდრო კავშირებს ეძებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელიც ისრაელს მხარს უჭერს. ნეთანიაჰუს მტკიცებით, იერუსალიმს კვლავ „ბევრი მეგობარი“ ჰყავს საერთაშორისო დონეზე, მზარდი გლობალური კრიტიკის მიუხედავად.

აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, Fox News-თან ინტერვიუში ნეთანიაჰუს სთხოვეს, ეპასუხა ვენსის განცხადებაზე, რომ ტრამპი ამ დროისთვის „მთელ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელიც ისრაელის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი“.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას და ვენსს „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ მის ყველა ნათქვამს ეთანხმება.

„ტრამპი შესანიშნავი — ყველაზე დიდი მეგობარია, ვინც კი ოდესმე გვყოლია თეთრ სახლში — და მე ამას სრულად ვეთანხმები“, - ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელს სხვა მეგობრებიც ჰყავს.

მან პირველ რიგში ინდოეთი ახსენა და თქვა: „მას 1.4 მილიარდი ადამიანი ჰყავს და იქ ჩვენ უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს“. მან ახსენა „დიდი მხარდაჭერა“, რომელსაც ინდოელი სოციალური ქსელების  მომხმარებლების მხრიდან თავის Facebook გვერდზე იღებს. 

„ბევრ ქვეყანაში, რადგან მათი მედია და სოციალური მედია სავსეა ისრაელის საწინააღმდეგო, ანტისემიტური მასალით, ბევრი ლიდერი მირეკავს და მეუბნება: „მისმინე, მაქვს ეს პრობლემა საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა, იცოდე, რომ ჩვენ პატივს გცემთ და შეგვიძლია გარკვეული გარიგებების დადება, შეგიძლიათ, გვასწავლოთ ის, რასაც თქვენი სამხედროები აკეთებენ და შეგვიძლია თუ არა თქვენი ხელოვნური ინტელექტისა და კიბერექსპერტიზის გამოყენება?“ იცით, ისრაელი მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების მხრივ მეორე ქვეყანაა და ჩვენი ტექნოლოგიები ძალიან კარგია. ასე რომ, ურთიერთობები ისეთი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს და ჩვენ ბევრი, ბევრი მეგობარი გვყავს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უარყო მოსაზრება, რომ ამჟამად მასსა და ტრამპს შორის ირანის საკითხთან დაკავშირებით „განხეთქილებაა“.

„ტრამპი შეერთებული შტატების ლიდერია. ის აკეთებს იმას, რაც ამერიკისთვის კარგია. მე ისრაელის ლიდერი ვარ, ერთადერთი ებრაული სახელმწიფოსი. მე ვაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვის კარგია. შემთხვევათა 99 პროცენტით ჩვენ ერთმანეთში ვთანხმდებით. თუმცა, როგორც ნებისმიერ ოჯახში, ნებისმიერ ახლო მეგობრობაში, ზოგჯერ აზრთა სხვადასხვაობაა და ჩვენ მათ ღიად განვიხილავთ და, როგორც წესი, მათაც ვაგვარებთ“, - დასძინა მან.