ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი, აშშ-ისა და ირანის ზეწოლის მიუხედავად, ლიბანიდან ჯარებს არ გაიყვანს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანიდან არ გავლენ და იქ უსაფრთხოების ზონას იქამდე შეინარჩუნებენ, სანამ საჭირო იქნება.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირაში საჯაროდ გააკრიტიკა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა, ირანმა კი განაცხადა, რომ ლიბანიდან ისრაელის ძალების სრულად გაყვანა ვაშინგტონთან დადებული შეთანხმების ნაწილია.
„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ჩრდილოეთის ქალაქებში. ეს მოითხოვს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის შენარჩუნებას; ეს მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავტოვოთ იქაურობა, სანამ ამას ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებები მოითხოვს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ახლახან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მხარეც ისრაელი არ არის, ლიბანში ყველა საომარი მოქმედების დასრულებას ითვალისწინებს.
ნეთანიაჰუსთან დაახლოებულმა ისრაელის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ იერუსალიმი სამხრეთ ლიბანში ჯარების განლაგების გაგრძელების საკითხზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში უსაფრთხოების ზონის განახლებული რუკა გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯარები ტერიტორიიდან არ გასულან.