Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მინდა ირანის ამაყ ხალხს მოგმართოთ - დროა, ირანელი ხალხი გაერთიანდეს დროშის ირგვლივ და აღდგეს თავისუფლებისთვის, ეს არის თქვენი შანსი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა. 

ნეთანიაჰუს თქმით, ირანის რეჟიმი საკუთარ ხალხს ჩაგრავს. 

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო ისლამური რეჟიმის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი 24 საათის განმავლობაში ისრაელის ძალებმა მოახერხეს ურანის გამდიდრების მსხვილ ობიექტზე დარტყმის განხორციელება, მაღალი რანგის სამხედრო ლიდერების, წამყვანი ბირთვული ექსპერტების და ირანის სარაკეტო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება. 

„მინდა ირანის ამაყ ხალხს მოგმართოთ - ისლამური რეჟიმი, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში გჩაგრავდათ, ჩვენს ქვეყანას განადგურებით ემუქრება. ისრაელის ოპერაციის მიზანია ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღკვეთა. ჩვენი მიზნების მიღწევით, თქვენ თქვენი მიზნების მისაღწევად გაგეხსნებათ გზა და ეს გზა თავისუფლებაა. ჩვენ გავანადგურეთ უმაღლესი მეთაურობა, წამყვანი ბირთვული მეცნიერები და ურანის გამდიდრების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები. ასევე, ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი. უფრო მეტი წინაა. რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა ელოდება. დროა, ირანელი ხალხი გაერთიანდეს დროშის ირგვლივ და აღდგეს თავისუფლებისთვის, ეს არის თქვენი შანსი,“ - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე. 

ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.

ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.