Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნება საჭირო

ისრაელის სამხედროები სამხრეთ ლიბანში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნება საჭირო, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა

„ჩვენ სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც საჭირო იქნება ჩრდილოეთში ჩვენი დასახლებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მან ისრაელის საჰაერო ძალების მფრინავთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამავდროულად, ლიბანი მოითხოვს, რომ ისრაელმა შეასრულოს თავისი ვალდებულება, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის სამხრეთში მდებარე ორ „საპილოტე ზონიდან“ და ეს ტერიტორიები ლიბანის არმიას გადასცეს, სანამ მომავალ კვირას რომში დაგეგმილ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანში ბუფერულ ზონას მაინც შეინარჩუნებენ.

ირანის საკითხზე საუბრისას ნეთანიაჰუმ კვლავ გაიმეორა: „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის“.

ნეთანიაჰუმ, ასევე, ირიბად მიანიშნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ ის აპირებს F-35 გამანადგურებლების მიყიდვას თურქეთისთვის, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი და ნატოს წევრი სახელმწიფოა.

„ომი არ დასრულებულა. ძველ გამოწვევებთან ერთად, ახალი საფრთხეები კვლავ ჩნდება. ძველი ღერძები იშლება და ახალი ყალიბდება. ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით. ერთი რამ ზუსტად ვიცით - ჩვენ ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე განცხადებით, ისრაელის საჰაერო უპირატესობის შენარჩუნება ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლადაც აუცილებელია.