ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა, საზღვარზე ტერორისტებს არ დავუშვებთ
„ირანის ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა“, - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიის ტერიტორიაზე, ჰერმონის მთაზე ვიზიტისას გააკეთა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები 2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ აკონტროლებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დასძენს, რომ ისრაელი არ დაუშვებს, ქვეყნის საზღვართან „ტერორისტული არმია“ ჩამოყალიბდეს, სავარაუდოდ, საუბარია სირიაში ისრაელის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონაზე.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენს საზღვართან რომელიმე ტერორისტული არმია ჩამოყალიბდეს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელსაც აღორძინების ომში მივაღწიეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა: „მთავარი ამოცანაა ირანში ტერორისტული რეჟიმის დამარცხება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან. ვიცით, რომ საბოლოოდ მთელი ღერძი დაიშლება.“
„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს გავაკეთოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
ისრაელმა და აშშ-მა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ომი თებერვლის ბოლოს დაიწყეს, თუმცა ისრაელსა და ირანს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები აპრილში ძირითადად შეწყდა. ამასთან, აშშ-სა და ირანს შორის დარტყმები გაგრძელდა.
ნეთანიაჰუ სირიის ჰერმონის მთაზე თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორ თამირ იადაისთან ერთად იმყოფებოდა.