ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობა ისრაელის მთავარი მისიაა და ეს მიზანი მიღწევადია
„თეირანში არსებული რეჟიმის დამხობა ისრაელის მთავარი ამოცანაა და აღნიშნული მიზანი უკვე მიღწევადია“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე მან თელ-ავივში, გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ეს რეჟიმი ახლა მერყეობს, ის ისეთი სუსტია, როგორც არასდროს და საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ ჩვენს შესაძლებლობაში, ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთოთ ეს საფრთხე - ანუ დავამხოთ ეს რეჟიმი. ეს არის მთავარი მისია, რომელიც ჯერ კიდევ წინ გველოდება, თუმცა ის ახლოსაა და მიღწევადია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ირანის მხრიდან თავშეკავებაზე და მოწინააღმდეგეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა:
„შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ჩვენ არ გვიტევენ და ყველას ესხმიან თავს, ჩვენ გარდა. მათ იციან ჩვენი ძალა, დარტყმის სიმძლავრე და ჩვენი სიმტკიცე. ნუ დაგვიპირისპირდებით, ჩვენ გვაქვს ძალა, გადაწყვეტილება და შიდა ერთიანობა, რომ დაგამარცხოთ“, - განაცხადა პრემიერმა.