ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასისგან“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - CNN

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასისგან“ მოითხოვს მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, რადგან ისრაელის ოპერაცია ღაზას სექტორში წინ და წარმატებულად მიიწევს. პრემიერის თქმით, ტერიტორიაზე ომის დასასრულებლად, „ისრაელისთვის მისაღები პირობებით“, აუცილებელია ყველა მძევალი თავისუფალი იყოს ტყვეობიდან. ინფორმაციას CNN გვიზიარებს.
ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ აპირებენ ღაზას ქალაქში კონტროლის აღებას და მათი გეგმების წინ წაწევას. ისრაელის სამხედროები უკვე, ღაზას ქალაქის გარეუბანში იმყოფებიან. ადგილობრივების თქმით, ქალაქი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. სკოლაზე თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ბავშვი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისრაელი ახლა კრიტიკულ ეტაპზეა.
„ჩვენ გადამწყვეტ ეტაპზე ვართ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და როგორც არაერთხელ თქვა, „„ჰამასის“ დამარცხება და ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნეთანიაჰუ საჯაროდ აცხადებს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინადადებას. „ჰამასმა“ ორი კვირის წინ, შეთავაზებას თანხმობით უპასუხა.
ისრაელის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ღაზაში 50 მძევალია, რომელთაგან სულ მცირე, 20 პირია ცოცხალი.