Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასი“ ჩვენს მოთხოვნებს თუ დათანხმდება, ომი შესაძლოა ახლავე დასრულდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ღაზაში მყოფ მძევლებსა და „ჰამასის“ ლიდერებს მიმართა.

ნეთანიაჰუმ მძევლების სახლში დაბრუნების პირობა დადო, „ჰამასის“ წევრებს კი იარაღის დაყრისკენ და ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება, ომის დასრულება ახლავეა შესაძლებელი.

„ჩვენო მამაცო გმირებო, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ გესაუბრებათ პირდაპირ ეთერში გაეროდან. ჩვენ არ დაგვვიწყებიხართ არცერთი წამით. ისრაელის ხალხი თქვენთანაა. ჩვენ არ შევდრკებით და არ მოვისვენებთ, ვიდრე ყველა თქვენგანს სახლში არ დავაბრუნებთ. ქალბატონებო და ბატონებო, ისრაელის დაზვერვის სპეციალური ძალისხმევის წყალობით, ჩემი სიტყვები ახლა იქ აღწევს, პირდაპირ ეთერში გადაიცემა ღაზელების მობილურებში. ასე რომ, „ჰამასის“ დარჩენილ ლიდერებს და ჩვენი მძევლების დამატყვევებლებს მივმართავ, დაყარეთ იარაღი, გაათავისუფლეთ მძევლები დაუყოვნებლივ, ყველა მათგანი, 48 მძევალი. ამას თუ გააკეთებთ, იცოცხლებთ, თუ არა, ისრაელი თქვენს დევნას არ შეწყვეტს. „ჰამასი“ თუ ჩვენს მოთხოვნებზე დათანხმდება, ომი შეიძლება ახლავე დასრულდეს. მოხდება ღაზის დემილიტარიზაცია. ისრაელი შეინარჩუნებს კონტროლს უსაფრთხოებაზე, მოხდება მშვიდობიანი სამოქალაქო ხელისუფლების ჩამოყალიბება ღაზელების მიერ და სხვების მიერ, ვინც ისრაელთან ერთად მშვიდობას უჭერს მხარს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.