ბენიამინ ნეთანიაჰუ: დონალდ ტრამპს მივანიჭებთ ისრაელის პრიზს, რომელიც არასოდეს მიგვიცია ვინმესთვის, ვინც ისრაელელი არაა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.
„პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებული იყო თავისი მეგობრობითა და მხარდაჭერით ისრაელის მიმართ, თავისი პრინციპული პოზიციებით. გვაქვს პარტნიორობა. ამან საშუალება მოგვცა, უზარმაზარი საქმეები გაგვეკეთებინა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს იდეებზე. ზოგჯერ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამას ვაგვარებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპს ისრაელის სპეციალური პრიზი მიენიჭება.
„ეს არის ისრაელის პრიზი, რომელიც თითქმის 80-წლიან ისტორიაში არასოდეს მიგვიცია ვინმესთვის, ვინც ისრაელელი არაა. ჩვენ მივანიჭებთ მას პრეზიდენტ ტრამპს, მისი უზარმაზარი წვლილისთვის ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ… ეს ასახავს ისრაელელების უმრავლესობის განწყობას. ისინი აფასებენ იმას, რაც თქვენ გააკეთეთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ინტერესებში შედის მშვიდობიანი საზღვრის არსებობა სირიასთან.