Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ანგარიშს გავუსწორებთ 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილე ყველა პირს

ისრაელი გააგრძელებს 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის დევნას და ლიბანთან მშვიდობის დამყარებისკენ ისწრაფვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ცერემონიაზე.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს ჯერ კიდევ ბევრი მისია აქვს წინ და „მათ დასრულებას ვაპირებთ“.

„ღაზაში „ჰამასის“ მმართველობა აღარ იქნება. ყველა, ვინც ჩვენზე თავდასხმაში მონაწილეობდა და ყველა, ვინც ჩვენი მძევლები დააკავა, ნასესხები დროით ცხოვრობს.

ჩვენ მათ მივაგნებთ, როგორც სხვებს მივაგენით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელი „ჰამასის“ ტერორისტებს ყოველდღიურად უსწორებს ანგარიშს.

ლიბანთან დაკავშირებით ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს და „შექმნის მშვიდობის შესაძლებლობას იმ ქვეყანასთან, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენთან მშვიდობა სურს“.

ნეთანიაჰუმ, ასევე, განაცხადა, რომ ისრაელი ირანს ქვეყნის არსებობისთვის საფრთხის შექმნის საშუალებას არ მისცემს.

მისი თქმით, ირანის რეჟიმი „დაარსების დღიდან ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია“.

„ის სიცოცხლისთვის იბრძვის და საბოლოოდ ეს რეჟიმი მსოფლიოდან გაქრება“, - იწინასწარმეტყველა მან.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანს ისრაელის გასანადგურებლად სამნაწილიანი გეგმა ჰქონდა

„ჩვენს გარშემო ტერორისტები არიან, რომლებიც ჩვენი სისხლისღვრისთვის არიან შექმნილნი, ათასობით ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩვენი ტერიტორიისკენაა მიმართული, ჩვენი ქალაქებისკენ და რაც მთავარია, ბირთვული იარაღები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვისაა შექმნილი“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

მისი თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ირანის ტერორისტული ქსელები მოწყვიტეს და მტერი ქვეყნის საზღვრებიდან უკან დახიეს, რათა ბუფერული ზონები შეექმნათ.

„ჩვენ ირანში ბალისტიკური რაკეტების საწყობებს დავარტყით. ჩვენ სერიოზული დარტყმა მივაყენეთ მის ბირთვულ პროგრამას - მეცნიერებს, ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.