Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის აღდგენას ცდილობს და ბირთვულ ბომბს ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებს.

მისი მტკიცებით, გასული წლის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ჩატარებულმა ორმა სამხედრო ოპერაციამ „ჩვენი განადგურების მყისიერი საფრთხე მოაშორა“.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გადი ეიზენკოტთან. ამ საუბარმა კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა იმისა, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნა - მთავრობისა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელის სახელმწიფოს, როგორც ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოს, და რომელიც შეძლებს, გაუმკლავდეს ჩვენ წინაშე მდგარ უზარმაზარ და რთულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, კვლავ ცდილობს ბირთვული პროგრამის განახლებას. და მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: ეს მკვლელი რეჟიმი, რომელსაც არც კი უყოყმანია საკუთარი ათასობით მოქალაქის მკვლელობისას, არც ბირთვული იარაღის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებისას დაიხევს უკან. ეს ეგზისტენციალური საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოვფხვრათ.

ვიწრო კოალიციური მთავრობა ან მთავრობა, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერებზეა დამოკიდებული, ამ მასშტაბურ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

მისი თქმით, ეროვნული ერთიანობის მთავრობა ამ მიზნის მიღწევას შეძლებს და ისრაელის უსაფრთხოებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.