ბენიამ ნეთანიაჰუ: არის შემთხვევებიც, როდესაც ჩემი და ტრამპის შეხედულებები ნაკლებად ემთხვევა ერთმანეთს, როცა საჭიროა, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად მტკიცედ ვდგავარ
პრესკონფერენციაზე ისრაელელი რეპორტიორების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან იცის, როგორ „მტკიცედ დაუჭიროს მხარი“ თეთრ სახლს ისრაელის უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.
ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც იზრდება შეშფოთება აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, რომლებიც, შესაძლოა, ზღუდავდეს ისრაელის სამხედრო მოქმედებების თავისუფლებას „ჰეზბოლასა“ და ირანის წინააღმდეგ.
ნეთანიაჰუმ უარი თქვა პასუხზე, დაუშვებდა თუ არა ისრაელის მიერ ირანზე დამოუკიდებელ დარტყმას ან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანში დამოუკიდებლად მოქმედებას.
თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისას ყოველთვის იცავს ისრაელის ინტერესებს. ეს განცხადება მოჰყვა ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს ორ ლიდერს შორის უთანხმოების შესახებ და ტრამპის საჯარო კრიტიკას ისრაელის პრემიერის მისამართით.
ტრამპზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა: „ხშირ შემთხვევაში ჩვენ ერთ აზრზე ვართ, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ჩვენი შეხედულებები ნაკლებად ემთხვევა ერთმანეთს. მე პასუხისმგებელი ვარ ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებზე და მათ ყოველთვის ვიცავ“.
ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, ნაკლებად გამოცდილ პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრისას დასძენს: „ამ ინტერესების დაცვა მხოლოდ ხმამაღალი და ემოციური განცხადებებით არ ხდება. ეს უნდა გაკეთდეს გონივრულად, რაც მოითხოვს დიდ გამოცდილებას, დიდ სიბრძნეს და ამერიკული პოლიტიკური გარემოს ღრმა ცოდნას. ამას ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება და ვფიქრობ, ამას საუკეთესო შესაძლო გზით ვაკეთებ. ხოლო როცა საჭიროა, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად მტკიცედ ვდგავარ“.