Loading data...
ბელგიის პრემიერი: გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენება რთული ამოცანაა

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ბარტ დე ვევერის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასაფინანსებლად „რთული ამოცანაა“.

დე ვევერმა Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავდაპირველად, სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების იდეის მიმართ.

ბელგიის პრემიერის თქმით, ამ საკითხზე პროგრესი დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა ბელგია საკმარის გარანტიებს.

„ეს რთული ამოცანაა, რადგან ორი თვის წინ ჩვენ ვფიქრობდით, რომ არასოდეს წავიდოდით ამაზე“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

დე ვევერი მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი გადაწყვეტა შეიძლება, იყოს უკრაინის დაფინანსება აქტივების გამოყენების გარეშე.

„მე სრულიად ღია ვარ, მოიძებნოს შუალედური გადაწყვეტა უკრაინის დასაფინანსებლად მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და მზად ვარ, ცოტა მეტი დრო დავუთმო „რეპარაციული კრედიტის“ იდეის დახვეწას. ჩვენ თუ შევძლებთ ამის მოგვარებას, მე ამას ხელს არ შევუშლი. უბრალოდ მინდა, რომ გადაწყვეტა იურიდიულად დასაბუთებული იყოს“, – განაცხადა დე ვევერმა.

კითხვაზე, გადამწყვეტია თუ არა ბელგიის პოზიცია უკრაინის მომავალი თავდაცვისთვის, დე ვევერმა უპასუხა: „ეს ცოტა ცინიკური კითხვაა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გადამწყვეტი ვართ, მაგრამ ჩვენთან მართლაც ბევრი რუსული აქტივია“.