ბელგიის პრემიერ-მინისტრი: არ მიმაჩნია ნორმალურად, როდესაც ვაფინანსებთ ომს, მაგრამ არ ვართ წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან
ბელგია რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მაგრამ სურს, რომ ევროკავშირი რუსეთთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს წარმოდგენილი. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ახსნა თავისი პოზიცია ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით.
„თუ ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვსაუბრობ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იმ სიტუაციაშია, როდესაც რუსეთთან მისაღებ და მდგრად მშვიდობას მივაღწევთ. ეს გრძელვადიანი სიტუაციაა“, - განაცხადა დე ვევერმა, როდესაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, რუსეთთან „ურთიერთობების ნორმალიზების“ აუცილებლობის შესახებ თავისი წინა განცხადება აეხსნა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ პრევოსთან აზრთა სხვადასხვაობა არ აქვს.
„ჩვენი შეხედულებები ურყევია. ბელგიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის 100%-იანი მხარდაჭერა და შეინარჩუნოს მაღალი ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სანქციების მე-20 პაკეტს“, - ხაზგასმით აღნიშნა დე ვევერმა.
„რაც მე ვთქვი, ისაა, რომ არ მიმაჩნია ნორმალურად, როდესაც ვაფინანსებთ ომს, მაგრამ არ ვართ წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“, - განმარტა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.