ბელგიაში ტრამპის ელჩი ფიქრობს, რომ აშშ და დანია გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ
ტრამპის ელჩი ბელგიაში ბილ უაითი მიიჩნევს, რომ აშშ და დანია გრენლანდიასთან დაკავშირებით ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
უაითმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც 14 იანვარს დანიისა და გრენლანდიის დიპლომატების აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან შეხვედრას წინსვლა არ მოჰყოლია, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა კი განაცხადა, რომ „ფუნდამენტური უთანხმოებები“ კვლავ რჩება.
„მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის შეიქმნება პროდუქტიული პლატფორმა, რაც გრენლანდიისთვის უსაფრთხოების გაზრდას გამოიწვევს“, - განაცხადა უაითმა Bloomberg Radio-სთან ინტერვიუში. მან დასძინა, რომ ეს ნატოსთვის, ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოებას ნიშნავს.
ამერიკელი ელჩის თქმით, გრენლანდიის „სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობა“ არ უნდა იყოს შეუფასებელი და დასძინა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხი ძალიან მგრძნობიარეა საჯაროდ ახსნისთვის.
Bloomberg TV-სთან ცალკე ინტერვიუში უაითმა ასევე განაცხადა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენს შეუძლია, გრენლანდიის საკითხზე შეერთებულ შტატებთან კონფლიქტით შიდაპოლიტიკური სარგებელი მიიღოს არჩევნების წინ, რომელიც წელს გაიმართება.
„პრეზიდენტ ტრამპთან მცირე კამათი, ან საუბარი რეალურად ეხმარება მას არჩევნებში გამარჯვებაში. და ფაქტია, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა, მან მოიგოს ეს არჩევნები“, - აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ ალტერნატივა იქნებოდა „გაცილებით უფრო მემარცხენე, ვიდრე ამერიკას სურს“.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ნატოს ყველაზე დიდი მხარდამჭერია“ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიანსის სხვა წევრები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.