ბელარუსის მოქალაქეს რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბელარუსის 54 წლის მოქალაქეს სერგეი ერემეევს, რომელიც რუსეთში მატარებლების აფეთქებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ერემეევი დამნაშავედ ცნეს ტერაქტის მოწყობაში, ტერორისტული საქმიანობისთვის მომზადების გავლაში, ტერორისტულ საზოგადოებაში მონაწილეობაში, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვასა და საზღვარზე მათ გადატანაში.
გამოძიების ინფორმაციით, ერემეევმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტული ორგანიზაციისგან მიიღო. ბურიატიის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდეგ მან ორი მატარებლის ცისტერნებზე ბომბები დაამონტაჟა.
პირველი აფეთქება 2023 წლის 29 ნოემბერს მოხდა. როდესაც მატარებლები სხვა გზით გაუშვეს, 30 ნოემბერს მეორე აფეთქებაც მოხდა. ერთი კვირის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით ბელარუსის მოქალაქე დააკავეს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.