Loading data...
ბელარუსი ლიეტუვას საზღვრის ჩაკეტვის გამო საპასუხო ზომებით ემუქრება

ბელარუსი დაიმუქრა, რომ ლიეტუვის მიერ საზღვრის დახურვის შემდეგ ბელარუსის ტერიტორიაზე დარჩენილი ლიეტუვური ტრანსპორტის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებამ გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ ბელარუს-ლიეტუვის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები ცალმხრივად დახურა, 1100-ზე მეტი ლიეტუვური სატვირთო მანქანა ბელარუსში დარჩა.

ბელარუსის საგარეო უწყების თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ბელარუსს ისინი კოტლოვკას საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად, სპეციალურად აღჭურვილ ავტოსადგომებზე გადაჰყავს.

„ჰუმანიტარული მიზეზების გამო, მძღოლებს მიეცათ შესაძლებლობა, დატოვონ ბელარუსი და დაბრუნდნენ სამშობლოში, სანამ ლიეტუვის მხარე საზღვარს ხელახლა გახსნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა დამატებითი დანაკარგი და შეფერხება „ვილნიუსის უგუნური და პოლიტიზებული ქმედებების შედეგია“.

„ბელარუსი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ყველა კანონიერი ზომა მის ტერიტორიაზე დარჩენილი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი საჰაერო ბუშტების ქვეყანაში შეჭრის გამო ერთი თვით დახურა. შეზღუდვები 29 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე, 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს, მათი გახანგრძლივების შესაძლებლობით. საპასუხოდ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ლიეტუვური რეგისტრაციის მქონე სატვირთო მანქანების გადაადგილება აკრძალა ლიეტუვასთან დახურული საზღვრის გავლით.

1-ელი ნოემბრიდან ბელარუსმა აკრძალა ევროპული რეგისტრაციის მქონე ყველა სატვირთო მანქანის გადაადგილება მის ტერიტორიაზე და მოითხოვა მათი გაჩერება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში — გარდა იმ სატვირთო მანქანებისა, რომლებსაც გარკვეული კატეგორიის ტვირთი გადააქვთ, ან ცარიელი ტვირთით ბრუნდებიან ევროკავშირის ქვეყნებში.